.

ავტორი (ები): ივანე ჯავახიშვილი

ავტორის შესახებ

ივანე ჯავახიშვილი (დ. 11 აპრილი/23 აპრილი, 1876, თბილისი — გ. 18 ნოემბერი, 1940, იქვე) — ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ივ. ჯავახიშვილი დაიბადა თბილისში, ალექსანდრე ჯავახიშვილისა და სოფიო ვახვახიშვილის ოჯახში. მამამისი, თავადი ალექსანდრე ჯავახიშვილი გიმნაზიის მასწავლებელი იყო. 1895 წელს ჯავახიშვილმა დაასრულა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია, 1899 წელს კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ განყოფილება. 1899-1901 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტი. 1901-1902 წლებში იგი მიწვეულ იქნა ბერლინის უნივერსიტეტში (გერმანია). 1902 წელს ის ნიკო მართან ერთად გაემგზავრა სინას მთაზე ქართული ხელნაწერების აღსაწერად. ამან მისცა საშუალება, გავარჯიშებულიყო ძველი ქართული ხელნაწერების კითხვაში. 1903 წელს მან დაიწყო ლექციების კითხვა პეტერბურგის უნივერსიტეტში, აღმოსავლური ფაკულტეტის ქართული და სომხური ფილოლოგიის კათედრაზე, როგორც პრივატ-დოცენტმა. 1907 წლის 13 მაისს ნაშრომისათვის „ძველი საქართველოსა და ძველი სომხეთის სახელმწიფოებრივი წყობილება“ მას მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი.