კონსტანტინე გამსახურდია (დ. 3 მაისი/15 მაისი, 1893, სოფ. ძველი აბაშა ― გ. 17 ივლისი, 1975, თბილისი) — ქართველი მწერალი, ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1965). კონსტატინე გამსახურდია დაიბადა 1893 წელს (ზოგი ცნობით 1891 წელს) სოფელ ძველ აბაშაში სიმონ გამსახურდიასა (1836-1906) და ელისაბედ (ლისა) თოფურიძის (თოფურიას) (?-1928) ოჯახში. კონსტანტინე სიმონის ბოლო, მეცხრე შვილი იყო. მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის მის გადია ეკაიას. ანბანი მან სოფლის სამრევლო სკოლაში ისწავლა. მოგვიანებით მამამ შვილები კონსტანტინე და ვანო ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში მიაბარა. კონსტანტინემ სკოლა 1904 წელს დაამთავრა. ამის შემდეგ მამამ ქუთაისში წაიყვანა და ძმასთან ერთად ქუთაისის გიმნაზიაში ჩარიცხა, რის შემდეგაც კონსტანტინე აბაშაში მხოლოდ არდადეგებზე ჩადიოდა. კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი.