Культура
აფხაზური მწერლობის 100 წლის იუბილე თბილისში (RU)
14 თებერვალს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა აფხაზური მხატვრული ლიტერატურის შექმნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი აფხაზურენოვანი წიგნის პრეზენტაცია. სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით აფხაზურ ენაზე გამოიცა მწერლისა და პოეტის დიმიტრი გულიას კრებულის „ლექსები და შაირები“ რეპრინტი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, მინისტრის მრჩევლები, მწერლები, პოეტები, გამომცემლები, მოწვეული სტუმრები. კრებულში „ლექსები და შაირები“ წარმოდგენილია აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას მიერ 1912 წელს თბილისში გამოცემული ორიგინალური მხატვრული ნაწარმოებების პირველი გამოცემის სკანირებული ვერსია და ამ ვერსიის თანამედროვე აფხაზურ ანბანზე ადაპტირებული ვარიანტი. დიმიტრი გულიას ეს კრებული პირველად სწორედ 1912 წელს დაიბეჭდა და ამ წიგნით საფუძველი ჩაეყარა აფხაზურ მხატვულ ლიტერატურას. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს სოხუმის სახელმწიფი უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის უმცროსმა მეცნიერმა თანამშრომლებმა სოფიკო ჭაავამ და თამარ გითოლენდიამ. პროექტის ხელმძღვანელია სრული პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე.