.

Culture

ფოტოალბომი
February 23, 2016

ფოტოალბომი "აფხაზეთი XIX საუკუნე" (EN)

     2011 წელს გამოცემული ფოტოალბომი "აფხაზეთი XIX საუკუნე" (აფხაზეთი ფოტოებში, სურათებსა და ჩანახატებში) აფხაზური და ქართული მხარეების თითქმის ათწლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგია. ალბომი დასაბეჭდად მოამზადეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა და ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა. ფოტოალბომში შესულია 261 ფოტო. მას ნაკლებად აქვს მეცნიერული დანიშნულება და უფრო კატალოგის ტიპისაა, რომელიც ერთგვარად გიდის როლს შეასრულებს მე-19 საუკუნის აფხაზეთში მოგზაურთათვის. თუმცა, როგორ გამოცემის რედაქტორი ნინო ბერძნიშვილი აღნიშნავს, "გამოცემა სერიოზული წინაპირობა იმისთვის, რომ ამ მიმართულებით სამეცნიერო სამუშაოებიც დაიწყოს." ალბომის ავტორები, რომელიც ორ, ქართულ-აფხაზურ ენაზეა მომზადებული მასალებს ენგურს გამოღმა 10 წლის განმავლობაში აგროვებდნენ. ალბომის შემქნის იდეა, როგორც ქართულ-აფხაზური ურთიერთობათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ზურაბ შენგელია იხსენებს 2000 წელს გაჩნდა. ერთ-ერთ აფხაზურ ოჯახში სტუმრობისას. აფხაზმა მასპინძელმა ქართველს სტუმარს სთხოვა, თუ შესაძლებელი იქნებოდა, აფხაზეთის შესახებ ენგურს გამოღმა დარჩენილი დოკუმენტური ფოტომასალები შეეგროვებინათ. როგორც ცნობილია, აფხაზეთში 1992-1993 წწ. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზიანდა ან პრაქტიკულად განადგურდა აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის ამსახველი მასალა: დაიწვა მუზეუმები, არქივები, ბიბლიოთეკები. ათიოდე წლის წინ აფხაზეთის საზოგადოებამ თხოვნით მიმართა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტს, მოეძიებინა ენგურსაქეთ ტერიტორიაზე შემორჩენილი აფხაზური კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ნიმუშები. ალბომი აფხაზმა ქალბატონმა, პროფესიით ისტორიკოსმა თეო გიცბამ შეადგინა. შეგროვებული 650-მდე ფოტოდან ნაწილი იმდენად დაზიანებული იყო, რომ ალბომისთვის მხოლოდ 261 შეირჩა. ამ ფოტოებიდან ბევრია ისეთი, რომელიც ალბომში დაბეჭდვამდე უცნობი იყო. ალბომი ოთხ ნაწილად არის დაყოფილი. პირველ ნაწილი მოიცავს აფხაზეთის მთავართა სახლს - შერვაშიძეების ისტორიას, მოჰაჯირობას და რუსეთ-თურქეთის ომებს, მეორე - არქიტექტურულ ძეგლებს და დასახლებულ ადგილებს, მესამე - ეთნოგრაფიულ ნაწილს, ხოლო მეოთხე - კულტურა-განათლებას. ალბომში გამოქვეყნებული ფოტოების და ნახატების მიხედვით შეგიძლიათ შეიქმნათ სრული სურათი, რა ხდებოდა XIX საუკუნის აფხაზეთში.

რეკომენდაციები