პოლიტიკა და სოციუმი, პოლიტიკა და ძალაუფლება, პოლიტიკური სისტემის ფუნქციები, პოლიტიკური კულტურა და სოციალიზაცია, დემოკრატია და იდეოლოგია, ძალაუფლების ლეგიტიმურობა – აი, ძირითადი საკითხები, რომელსაც ეხება პოლიტიკური სოციოლოგია. მასში გათვალისწინებულია XX საუკუნის დასასრულსა და XXI საუკუნის დასაწყისში გამოქვეყნებული ფილოსოფიური, სოციოლოგიური და პოლიტოლოგიური ნააზრევი. ამ მხრივ აღსანიშნავია რ. არონის, პ. ბურდიეს, ე. გიდენსის, მ. დოგანის, მ. დიუვერჟეს, ს. ლიპსეტის, ტ. პარსონსის, რ. მერტონის, ნ. სმელზერის, ი. ჰაბერმასის, პ. შარანის, რ. შვარცენბერგისა და სხვათა შრომები. დასახელებულ ავტორთა შეხედულებების საფუძველზე ზოგიერთი საკითხი ახლებურად არის გაშუქებული, თუმცა მრავალი პრობლემა უფრო საფუძვლიან გამოკვლევას მოითხოვს. ასევე საჭიროა ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილებისა და თანამედროვე პოლიტიკური თეორიების შედარებითი ანალიზი.
პოლიტიკური სოციოლოგია გათვალისწინებულია სოციოლოგიის და პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალობის სტუდენტებისთვის. იგი ასევე დაეხმარება პოლიტიკის პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველს.